გორიჯვრის ისტორია

ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.
გადმოცემის თანახმად, გორიჯვრის მონასტერი, რომელიც გორს მაღლიდან გადმოსცქერის, აგებულია მე–4 საუკუნეში და მის საძირკველში წმინდა გიორგის თავის ქალა განისვენებდა. ტაძარიც წმინდა გიორგის სახელს ატარებს. არ არის ცნობილი, ვინ ააშენა, თქმულება კი თამარ მეფეს მიაწერს. როგორც ვარაუდობენ, უფრო ხანდაზმულია. ამბობენ, რომ გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია აიგო იქ, სადაც უხსოვარ დროს წარმართული კერპი იყო აღმართული. სხვა მოსაზრებით, მე–4 საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი და მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. 
გორიჯვრის ტაძრის საკურთხეველში ჯვარია აღმართული. მისი სიგრძე 188 სანტიმეტრია, სიგანე – 94. ჯვრის ცენტრალური ხატება ეძღვნება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გამოხატულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. თითოეულს თან ახლავს მოკლე განმარტებები ასომთავრული წარწერებით. ჯვარზე კიდევ 14 კომპოზიციაა. ეს ჯვარი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდანი ქალწულის დიდი ძალისხმევით მაშინდელ საქართველოში სამი ჯვარი აღიმართა – მცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში. ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი მე–4 საუკუნის პირველ ნახევარში. 
მეფე ალექსანდრე პირველმა გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ქართველ ოსტატს. მე–20 საუკუნის დასაწყისში ჯვარი თავადი ამილახვრის კუთვნილ პატარა ეკლესიაში მოხვდა. ახლა იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, გორიჯვარში კი მისი ასლი დგას. 
"შეგვეწიოს გორიჯვრის მადლი", – ასე ილოცებიან გორელები . გორიჯვრობა წმინდა გიორგის დღესასწაულებზე, 6 მაისსა და 23 ნოემბერს იმართება. ამ დღეებში აქ უამრავი მომლოცველია. ხალხი ტაძარს 6 მაისის სწორებზეც სტუმრობს. 

ტრისტან თინიკაშვილი: V–V| საუკუნეებში აშენებული თავდაცვითი ნაგებობაა, ციხესიმაგრე. მას მერე ბევრჯერ დაარბია და დაანგრია მტერმა. |–|| საუკუნეებში ტაძრად გადააკეთეს. მთელი კომპლექსი ყოფილა. 1920 წელს მიწისძვრამ დაანგრია და მიწასთან გაასწორა. თითქმის ნახევარი საუკუნე მხოლოდ ნანგრევები იყო და გასული საუკუნის 80–იან წლებში დაიწყო მისი თავიდან აშენება. ორი კედელი იყო დარჩენილი. ისიც დავშალეთ და საძირკველზე ზუსტად იგივენაირი ტაძარი ავაგეთ. ამბობენ, რომ შიგ ეკლესიაში წმინდა გიორგის თავის ქალაა დამარხული. აქ ჯვარი ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ დადგეს თურმე. ის ჯვარი, რომელიც ვერცხლით იყო შემკული, ახლა მუზეუმში ინახება. აქ კი მისი ასლია, სპილენძისგან დამზადებული. 
გორიჯვარში ყოფილა კიდევ ერთი ჯვარი. რომელიც საჩხერლებს მოუპარავთ. ქურდები დაიჭირეს და ის ჯვარი უკან კი აღარ წამოიღეს, იმ ადგილას ააშენეს ეკლესია და პატარა გორიჯვარი დაარქვეს. აქ ხალხი ლოცულობს, შესაწირს სწირავს. ჯანმრთელობას, ახლობლების კარგად ყოფნას ითხოვენ... 
ადრე მოჰყავდათ საკლავი, მოჰქონდათ საზედაშე ღვინო, საწესო რიტუალს ასრულებდნენ. გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. ვისაც წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ამ გორის ძირში მდგარ გორიჯვრის ნიშასთან ლოცულობდა. 1920 წელს მომხდარმა მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვრის ეკლესია. ამის მიუხედავად, მორწმუნეები ნანგრევებთან კიდევ დიდხანს დღესასწაულობდნენ გორიჯვრობას. ეს ტაძარი ცნობილია, როგორც დიდი მადლის და სასწაულების მომხდენი. 

– თქვენ შესწრებიხართ სასწაულებს? 

ტრისტანი თინიკაშვილი: ერთი ხელთუბნელი გოგო ავარიაში მოყვა და დაინვალიდდა. შეთქმული მოზვერი ამოიყვანა, სოფელ გორიჯვრის შემოსასვლელში წყლის აუზი რომ არის, იქ დედიშობილა ჩავიდა ზამთარში და იბანავა. იქიდან ამოვიდა და ყავარჯნები გადაყარა. 
– რა წყალია? 
 ჩვეულებრივი წყაროა. ვერ გეტყვით, რა რწმენა ჰქონდა და ვინ უკარნახა, ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს სასწაული ჩემი თვალით მაქვს ნანახი. 
ერთი კაცი ამოვიდა ტაძარში და გინება დაიწყო. უცებ წაიქცა და მოკვდა. ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ ტაძარი გორის რაიკომის მდივანმა, ვაჟა აბრამიშვილმა, კომუნისტების დროს აღადგინა. სადაც მოპარულ თუ რამე საეჭვო სამშენებლო მასალას ნახავდა, მაშინვე აქ აგზავნიდა. ასეთი ადამიანების სახელები ისტორიამ უნდა იცოდეს. 

მამა კოზმა (გუჯაბიძე): გორიჯვარი ძველად ციხე–მონასტერი ყოფილა. ტაძრის აშენებას თამარ მეფესაც უკავშირებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ აქ ეკლესია წმინდა ნინოს დროიდან არსებობდა. როგორც ცნობილია, გორიჯვარში წმინდა გიორგის თავის ქალა ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ შეიძლება თავის ქალის ნაწილები ტაძარში იყოს დასვენებული ან იმ ჯვარში იყოს ჩატანებული, რომელიც ახლა მუზეუმშია. ამბობენ აგრეთვე, რომ წმინდა ნაწილები ჯვრის ქვეშ იყო დაფლული. ამ ეკლესიას ძალიან დიდი ძალა აქვს. წმინდა გიორგისაქართველოში განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია კი განსაკუთრებული სალოცავია. განკურნების, შვილიერების სათხოვნელად დადის აქ ხალხი. 
– აქ ხალხს ძირითადად საკლავი მოჰყავს. ეკლესია ასეთ შესაწირავს როგორ უყურებს? 
შეთქმული საკლავის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს. ეკლესია ამას არ ამართლებს, რადგან ღვთის წინაშე აღთქმის დადება დიდი პასუხისმგებლობაა. ამის არშესრულება შიშს გგვრის ადამიანს. არავინ იცის, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. აღთქმას ადამიანები ძირითადად განსაცდელის დროს დებენ ხოლმე.  გორში ყველა მეორე ვაჟს გიორგი ჰქვია. ვისაც შვილი არ ჰყავს, ყველა გორიჯვრის წმინდა გიორგის შესთხოვს ხოლმე, შვილი მეყოლოს და გიორგის დავარქმევო.  10 ბიჭი რომ იდგეს და გიორგი დაიძახო, 9 მაინც მოტრიალდება. გორში ამდენი ვაჟიანობა სწორედ გორიჯვრის მადლით არის. 
– სასწაული რა გინახავთ და მოგისმენიათ? 
მამა კოზმა: ერთი მორწმუნე ქალბატონი, რომელიც 90 წელს იყო გადაცილებული, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მისი ოჯახის წევრები გორიჯვარში სალოცავად ამოვიდნენ. იქ შეწირეს, ილოცეს. რომ ბრუნდებოდნენ, დაინახეს, ის ქალბატონი გორიჯვრის მთას ფეხით შესდგომოდა. ლოცვის მადლით კარგად გახდა და წამოდგა. მთელი მისი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები მორწმუნეები არიან. 
 ბევრი ფეხშიშველი ამოდის. ეს შესაწირის ერთ–ერთი სახეა. ხშირად ცხვარი, მამალი ამოჰყავთ და ტაძარს უტოვებენ. ბევრი გაჭირვებული ამოდის ტაძარში, რომ ასე გაშვებული მამალი თუ ცხვარი სახლში წაიყვანოს და ოჯახი დააპუროს, ანუ აქ იღებენ როგორც სულიერ მადლს, ასევე ხორციელ გახარებასაც. ესეც სასწაულია ჩვენს დროში. 
 

– წმინდა გიორგის თავის ქალის არსებობის შესახებ რა იცით? 
– წმინდა გიორგი რომ მიიცვალა, მორწმუნეებმა მისი წმინდა ნაწილები დიდ ეკლესიებს დაურიგეს. როგორც ჩანს, ერთი ნაწილი გორიჯვარში მოხვდა და ამის შესახებ ვახუშტიც წერს. ქრისტიანობამდე აქ მთვარის სალოცავი ყოფილა. ახლაც არის შემორჩენილი მამლის შეწირვის ტრადიცია. მამალი მთვარის ფრინველად ითვლება, რადგან ღამით იცის ყივილი და ეს მთვარისადმი მიმართულ ვედრებად მოიაზრებოდა. ვახუშტი წერს, თავი წმინდისა გიორგისა ჯვარსა შინაა დასვენებულიო. ვარაუდობენ, რომ იმ ჯვარში, რომელიც ახლა მუზეუმში ინახება, თავის ქალის ნაწილია დასვენებული. ახლა ტაძარში იმ ჯვრის ზუსტი ასლია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий